ნოემბერი 2026

ვაკე-საბურთალო

საუბნო ჟურნალი

ვაკე-საბურთალო ველოსიპედით: სად და როგორ დავდივართ

რა სჭირდება ქალაქს, რომ ველოსიპედი გადაადგილების მოსახერხებელ და უსაფრთხო საშუალებად იქცეს?

კონტრიბუტორი: მარ მიხელიძე

მწვანე ველოსიპედი თბილისის ქუჩაზე

სადავოა, რამდენად შესაძლებელია თბილისში ველოსიპედით უსაფრთხოდ გადაადგილება. თუმცა, ჩემი გამოცდილებით, ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით, ამ მხრივ საუკეთესო პირობები ვაკე-საბურთალოზეა.

მათთვის, ვინც ველოსიპედით არ გადაადგილდება, ყოველთვის მარტივი შესამჩნევი არ არის, სად და როგორ დავდივართ. ამიტომ ჯერ აქაურ ველობილიკებს მიმოვიხილავ, შემდეგ კი უსაფრთხოებასა და კომფორტზეც ვისაუბრებ.

თბილისში პირველი ველობილიკი პეკინის გამზირსა და შარტავას ქუჩაზე მოეწყო — ორმხრივი, ტროტუარის დონეზე განთავსებული. მის გახსნას სოციალურ ქსელებში ხუმრობების ტალღა მოჰყვა: „წრეები ვარტყათ?“, „პეკინამდე მივფრინდეთ?“ და ა.შ. ეს კითხვები იმ პრობლემასაც უსვამდა ხაზს, რომელიც დღემდე აქტუალურია: ცალკეული მონაკვეთები გვაქვს, მაგრამ მათ შორის კავშირი ხშირად გვაკლია.
ვრცლად

„ჯერ ყავა“

პატარა კაფე მზიურის გზაზე

ჯერ ყავას ღია კაფე ხეებთან, სტუმრებითა და სახურავზე მოკალათებული კატით

მისამართი: სიმონ ჩიქოვანის ქუჩა 24ა

სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, მზიურის პარკთან ახლოს, ერთ გარაჟში პატარა კაფეა მოწყობილი — „ჯერ ყავა“. აქ, ჩემი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო ყავას ამზადებენ, თუმცა მხოლოდ ყავა არ არის აქ შესვლის მიზეზი, თბილი გარემო და ყურადღებიანი მასპინძლობაც მოგანდომებთ დაბრუნებას.

სასმელებს გულდასმით ამზადებენ და სტუმრების გემოვნებასაც ითვალისწინებენ. პირადი გამოცდილებით, გირჩევთ კაპუჩინოსა და კორტადოს, ასევე მატჩასა და ბამბლ ყავას — ესპრესოს ფორთოხლის წვენით. ყავას შეგიძლიათ პატარა კრუასანიც მიაყოლოთ.

თუ მზიურისკენ გაისეირნებთ, გზად „ჯერ ყავაში“ შეიარეთ.

ვრცლად

პაშტელ დე ნატა აბაშიძეზე

პორტუგალიური ნამცხვარი საუკუნოვანი ისტორიით

Casa de Nata-ს ოთხი პაშტელ დე ნატა შეფუთვაში

მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 10–12

ხრაშუნა ცომი და ნაზი კვერცხის კრემი — პაშტელ-დე-ნატა პორტუგალიური საკონდიტრო ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. ლეგენდის თანახმად, მისი ისტორია ლისაბონის ბელემის უბანში მდებარე ჟერონიმუშის მონასტერს უკავშირდება, სადაც ბერები მას ჯერ კიდევ XVIII საუკუნემდე ამზადებდნენ. დროს მონასტრებში ტანსაცმლის გასახამებლად კვერცხის ცილას იყენებდნენ, დარჩენილი გულებით კი ნამცხვრებსა და სხვა ტკბილეულს აცხობდნენ. სწორედ ამ პრაქტიკას უკავშირდება პაშტელ-დე-ნატას წარმოშობაც, პატარა ტარტის, რომლის სახელიც პორტუგალიურად „კრემიან ნამცხვარს“ ნიშნავს.

1820 წლის ლიბერალური რევოლუციის შემდეგ, როდესაც მონასტრებს დახურვის საფრთხე დაემუქრა, ბერებმა შემოსავლის მისაღებად ნამცხვრების გაყიდვა ახლომდებარე შაქრის ქარხანაში განაგრძეს. 1834 წელს კი რეცეპტი ქარხნის მფლობელებს მიჰყიდეს. მათ რამდენიმე წელიწადში საკონდიტრო „პაშტეიშ-დე-ბელემი“ გახსნეს, რომელიც ამ ნამცხვრებს დღემდე აცხობს.

საუკუნეების შემდეგ პატარა ტარტმა მსოფლიოს კაფეებსა და საცხობებშიც დაიმკვიდრა ადგილი და ადგილობრივი ტკბილეული საერთაშორისო ჰიტად იქცა.

ვრცლად

გამოწერა

მიიღეთ ახალი ნომერი ელფოსტით.

Powered by Mailchimp
ვაკე-საბურთალოს საუბნო ჟურნალი, ნოემბერი 2026გვერდი 1
გამოგვყევი ინსტაგრამზეvakesaburtalo.magazine

ვინ ჭიკჭიკებს ჩვენს მეზობლად? თბილისის ფრინველების გზამკვლევი

მასალის მომზადებაში დაგვეხმარა SABUKO

თბილისის პარკების ოთხი ფრინველის ილუსტრირებული გზამკვლევი

პარკში სეირნობისას ცოტა ხნით თუ შეჩერდები და ტოტებს დააკვირდები, ნაცნობი გარემო შეიძლება სულ სხვაგვარად დაინახო.

ფრინველებზე დაკვირვების დასაწყებად ქალაქიდან გასვლა აუცილებელი არ არის. ქალაქის გამწვანებული სივრცეები ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი თავშესაფარია.

ამ თემაზე სტატიის მოსამზადებლად საბუკოს კონსერვაციის ოფიცერსა და ორნითოლოგს, ნიკა ბუდაღაშვილს ვესაუბრე.

დასაწყისისთვის ოთხი გამორჩეული სახეობა შევარჩიეთ. ზოგს ფერით ამოიცნობთ, ზოგს — სილუეტით, ზოგსაც უჩვეულო ქცევით.

ვრცლად

ღონისძიებების კალენდარი

სია განახლებადია

3ნოე.

„ტოკ-ტოკ“20:00
დრამატული კომედია
ვაკე · ილიაუნის თეატრი, ჭავჭავაძის 32

6ნოე.

Industry Talks 1.0 — Retail Transformation14:00
საცალო ვაჭრობა და ციფრული ტექნოლოგიები
ვაკე · Pullman Tbilisi Axis Towers, ჭავჭავაძის 37მ

12ნოე.

„უხერხემლო“20:00
ალექს ჩიღვინაძის პიესა
ვაკე · ილიაუნის თეატრი, ჭავჭავაძის 32

17–18ნოე.

Realty Forum Tbilisi Invest 202617 ნოემბერი, 10:00–19:00; 18 ნოემბერი, 12:00–19:00
უძრავი ქონებისა და ინვესტიციების საერთაშორისო ფორუმი
ვაკე · Pullman Tbilisi Axis Towers, ჭავჭავაძის 37მ

19ნოე.

„იდეალური ოჯახი“20:00
ვაცლავ ჰაველის პიესის მიხედვით
ვაკე · ილიაუნის თეატრი, ჭავჭავაძის 32

20ნოე.

„თავისუფალი წყვილი“20:00
დარიო ფოსა და ფრანკა რამეს პიესა
ვაკე · ილიაუნის თეატრი, ჭავჭავაძის 32

21ნოე.

საქართველო — აშშ, რაგბი — ერთა თასი18:00
ვაკე · მიხეილ მესხის სტადიონი

21–22ნოე.

Legal Tech Meetup 202610:00
სამართალი, ტექნოლოგიები და AI · ინგლისურად
ვაკე · Pullman Tbilisi Axis Towers, ჭავჭავაძის 37მ

26–28ნოე.

DataFest Tbilisi 2026მონაცემები, AI, ბიზნესი და დიზაინი
ვაკე · Pullman Tbilisi Axis Towers, ჭავჭავაძის 37მ

შენი ღონისძიება გამოვრჩა? მოგვწერე და ჩავამატებთ contact@vakesaburtalo.ge

ვაკე-საბურთალოს საუბნო ჟურნალი, ნოემბერი 2026გვერდი 2
ვაკე-საბურთალოს საუბნო ჟურნალი, ნოემბერი 2026გვერდი 3

სად დავლიოთ კარგი IPA ვაკეში?

სამი IPA ბარი ვაკე-საბურთალოზე

საყვარელ ბარში ზოგჯერ ლუდის გამო ვბრუნდებით, ზოგჯერ — გარემოს, ადამიანებისა და მოგონებების. ჩვენი რესპონდენტისთვის ორივე მნიშვნელოვანია. IPA-ს მოყვარული ვაკეში ორ ადგილს გამოყოფს: Number Eight-ს და Submarine-ს ვაკის-პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში.

Number Eight მისთვის წლებია ნაცნობი ადგილია — ბოლო ხუთი თუ ექვსი დაბადების დღე აქ აღნიშნა. განსაკუთრებით ის მოსწონს, რომ თავს თავისუფლად და შინაურულად გრძნობს. კრაფტლუდისა და IPA-ს დასაგემოვნებლად Number Eight მისი ერთ-ერთი პირველი არჩევანია. 

Google-ის მიმოხილვებშიც სტუმრები აქაურ IPA-სა და APA-ს აქებენ, სხვები კი ლაგერს გამოარჩევენ. ლუდთან ერთად ხშირად ახსენებენ მეგობრულ მომსახურებას და გარემოს, სადაც შეგიძლია მეგობრებს ელაპარაკო ან ფეხბურთს უყურო. საჭმელსაც თავისი გულშემატკივრები ჰყავს — ზოგს ქათმის ჩხირები მოსწონს, ზოგს კი დიდი ორმაგი ჩიზბურგერი. თუმცა ერთი პრაქტიკული შენიშვნაც გვხვდება: პარასკევსა და შაბათს აქაურობა ზოგჯერ ხმაურიანია და მაგიდის წინასწარ დაჯავშნა კარგი იდეაა.

ვრცლად
გამოგვყევი ინსტაგრამზეvakesaburtalo.magazine

„პრინტ რეტრო“ — პატარა მაღაზია ფერადი იდეებისთვის

მისამართი: ბალანჩივაძის 1ა

ფერადი მონასმებით გაფორმებული ვიტრინა და მრგვალი, ყვითელი აბრა ქუჩიდანვე იქცევს ყურადღებას. მის მიღმა „პრინტ რეტროა“ — პატარა საკანცელარიო მაღაზია.

აქ ფანქრებს, კალმებსა და მარკერებს შორის საღებავებს, ფუნჯებს, სახატავ ალბომებსა და ყოველდღიურ წვრილმანებსაც შეხვდებით. მაგიდაზე ვან გოგის ნამუშევრებით გაფორმებული ბლოკნოტები აწყვია, ორნამენტიან ჭურჭელში კი საწერი საშუალებებია მოთავსებული. ნივთების დათვალიერებისას ადვილია წარმოიდგინო, რას ჩაწერდი ახალ ბლოკნოტში ან რას დახატავდი ფერადი ფანქრებით.

მაღაზიაში ხელმისაწვდომია პრინტერიც, როგორც ჩვეულებრივი დოკუმენტების, ასევე სხვა სახის მასალების დასაბეჭდად.

ვრცლად
ვაკე-საბურთალოს საუბნო ჟურნალი, ნოემბერი 2026გვერდი 4

თუ კაქტუსიც გაგიხმა: 3 მცენარე ყველაფრის ახლიდან დასაწყებად

მასალის მომზადებაში დაგვეხმარა Bloomers.ge

მონსტერას ფოთლები Bloomers.ge-ს განათებულ აბრასთან

მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 11

ამ სტატიის მოსამზადებლად Bloomers.ge-ს ვესტუმრეთ და ვკითხეთ, რომელი ოთახის მცენარეების მოვლაა მარტივი დამწყებთათვის.

თუ მცენარეების მოვლაში ჯერ გამოცდილება არ გაქვთ, დროის გამონახვა გიჭირთ ან წინა მცდელობებმა იმედი გაგიცრუათ, ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება ამ გამძლე სახეობებით შეგიძლიათ. სპატიფილუმი, ზამიოკულკასი და სანსევიერია სწორედ ასეთი არჩევანია: სამივეს შეუძლია სახლის გამწვანება და მოვლაც შედარებით მარტივია. 

სად დადგათ: ნათელ ადგილას, პირდაპირი ძლიერი მზისგან მოშორებით. კარგი განათება ყვავილობაშიც დაეხმარება.

როდის მორწყათ: დაახლოებით კვირაში ერთხელ, როცა მიწის ზედა 2–3 სანტიმეტრი შეშრება. წყლის საჭიროებისას ფოთლებს ჩამოუშვებს ხოლმე — თითქოს თვითონ გეუბნებათ, მომრწყეო. ეს კარგი მინიშნებაა, თუმცა თუ მიწა ჯერ კიდევ სველია, წყალს ნუ დაამატებთ.

ვრცლად

შვედური გემოების პატარა კუთხე თბილისში: კაფე FIKA

კაფე FIKA-ს ინტერიერი წითელი შვედური ცხენის მოხატულობით

მისამართი: იოველ ქუთათელაძის ქუჩა 4

ყავის შესვენება შეიძლება კოფეინის სწრაფად მიღებაზე მეტს ნიშნავდეს. თბილისში მდებარე შვედურ კაფე FIKA-ში შვედური ნამცხვრები და მყუდრო გარემო სტუმრებს აუჩქარებლად დროის გატარებისკენ უბიძგებს.

ამ ოჯახური კაფეს სახელწოდება შვედურ ტრადიციას — ფიკას — უკავშირდება: ეს არის შესვენება ყავის, რაიმე ტკბილისა და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. შვედური მუსიკა, დეკორატიული დეტალები და ჯგუფ ABBA-სადმი მიძღვნილი გაფორმება ამ განწყობას თბილისშიც აცოცხლებს.

ვრცლად

ფოტოარქივი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი — საარქივო ფოტო 1
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი — საარქივო ფოტო 2
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი — საარქივო ფოტო 3
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი — საარქივო ფოტო 4
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი — საარქივო ფოტო 5
ვაკე-საბურთალოს საუბნო ჟურნალი, ნოემბერი 2026გვერდი 5

უცხოეთის ამბები

Signal Festival-მა პრაღა მანათობელ გალერეად აქცია

პრაღის სინათლის ფესტივალის გენერირებული ილუსტრაცია

2026 წლის 15–18 ოქტომბერს პრაღის რიგით მე-14 Signal Festival-მა ჩეხეთის დედაქალაქი ღია ცის ქვეშ მოწყობილ, მანათობელ გალერეად აქცია. თემით „Dream On! — სიზმრები და ხედვები“, ფესტივალმა რეალობას, წარმოსახვასა და ტექნოლოგიას შორის არსებული საზღვრები გამოიკვლია. შემოდგომის ოთხი საღამოს განმავლობაში 21 ინსტალაციამ ისტორიული შენობები, ქუჩები და საზოგადოებრივი სივრცეები სინათლით, ვიდეომეპინგითა და ციფრული ხელოვნებით გააცოცხლა. VisitCzechia

ჩეხმა და საერთაშორისო ხელოვანებმა ცნობილი ღირსშესანიშნაობები და ქალაქის ნაკლებად ცნობილი კუთხეები ახალი პერსპექტივით წარმოაჩინეს. ფესტივალის ორმა მარშრუტმა პრაღის ისტორიული ცენტრი დეივიცეს უბანს დაუკავშირა, რომელიც პროგრამას პირველად შეუერთდა. აქ ტაივანელმა ხელოვანმა აკა ჩანგმა მდინარე ვლტავაზე ათი მეტრის სიმაღლის ლაზერული ინსტალაცია — Multimmersion_Upside Down — წარადგინა. ამერიკელი ხელოვანის, ჯიმ კემპბელის Scattered Light-მა 1 500 სანათით თანავარსკვლავედის მსგავსი სანახაობა შექმნა, ხოლო ფელიქს ფრანკის Missing Interval-მა მთავარეპისკოპოსის სემინარიის ფასადი გარდაქმნა. VisitCzechia

ქალაქის ცენტრში უკრაინელი ხელოვანის, სვიტლანა რეინიშის ნამუშევარმა Living in Truth („სიმართლით ცხოვრება“) ძველი ქალაქის რატუშის კოშკი გაანათა. ვაცლავ ჰაველის ესეით „ძალა უძალოთა“ შთაგონებული ვიდეოპროექცია მისი დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა. ფასადზე ჩნდებოდა სიმართლის, თავისუფლების, სამართლიანობის, სიყვარულისა და დემოკრატიის აღმნიშვნელი სიტყვები, რომლებიც თანდათან ფორმას იცვლიდა და ქრებოდა. პროექციას უკრაინელი კომპოზიტორის, ანტონ დეჰტიაროვის მუსიკა ახლდა.

ვრცლად

გადაარჩენს თუ არა ოქსფორდ-სტრიტს საფეხმავლო ქუჩად გადაქცევა?

ოქსფორდ-სტრიტის შესაძლო საფეხმავლო სივრცის გენერირებული ილუსტრაცია

ლონდონის ოქსფორდ-სტრიტზე ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. 2026 წლის 26 ოქტომბერს ცნობილი სავაჭრო ქუჩის თითქმის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი — ორჩარდ-სტრიტიდან გრეიტ-პორტლანდ-სტრიტამდე — ტრანსპორტის მოძრაობისთვის დაიკეტა და საფეხმავლო ზონად იქცა. ქუჩის კეთილმოწყობა ეტაპობრივად გაგრძელდება. 

ლონდონის მერი სადიქ ხანი იმედოვნებს, რომ გადატვირთული და დაბინძურებული ქუჩა იქცევა ადგილად, სადაც ადამიანებს დროის გატარება მოუნდებათ.

განახლების პირველ ეტაპზე მომუშავე არქიტექტურული კომპანია East ქუჩაში ხეების, დასასვენებელი ადგილებისა და ახალი საჯარო სივრცეების მოწყობას გეგმავს. 2027 წლის გაზაფხულის ბოლომდე დაგეგმილია 50-ზე მეტი ახალი ხის, ორი ახალი საჯარო მოედნისა და გაუმჯობესებული საინფორმაციო ნიშნების დამატება. ცვლილებების ეტაპობრივად განხორციელება სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ, როგორ იყენებენ ადამიანები სივრცეს, და მათი გამოცდილება საბოლოო დიზაინში ასახონ.

ვრცლად
ვაკე-საბურთალოს საუბნო ჟურნალი, ნოემბერი 2026გვერდი 6

ბარსელონის ლეგენდარული ლა რამბლა იცვლება

ფართო ტროტუარები, ახალი მოედნები და მეტი დასასვენებელი ადგილი ცნობილი ბულვარის იერსახეს შეცვლის. მთავარი გამოწვევა კი მისი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნებაა.

ლა რამბლას განახლების პროექტის ვიზუალიზაცია — ქუჩის ხედი მიროს მოზაიკასთან

ლა რამბლას ადგილობრივები ხშირად ერთი უბნიდან მეორეში გადასასვლელად კვეთენ, ტურისტები კი მის გასწვრივ სეირნობენ. არქიტექტორ ლოლა დომენეკის ეს დაკვირვება კარგად აღწერს პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ბარსელონა თავისი ყველაზე ცნობილი ბულვარის განახლებით ცდილობს: ქუჩა, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავს, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაც მიმზიდველ ადგილად უნდა იქცეს.

დომენეკი იმ გუნდშია, რომელმაც ლა რამბლას გარდაქმნის კონკურსში 2017 წელს გაიმარჯვა. როგორც EL PAÍS-ის სტატიაშია აღწერილი, გუნდი km-ZERO აერთიანებდა სპეციალისტებს, რომლებიც თავად ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ ამ უბანში. პროექტის მომზადებისას კონსულტაციებში დაახლოებით 500 ადამიანი ჩაერთო, მათ შორის მცხოვრებლები და ბიზნესების წარმომადგენლები. შედეგად შემუშავდა 53 ღონისძიება, რომლებიც ქუჩის ფიზიკურ მოწყობასთან ერთად მის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებასაც ეხებოდა. EL PAÍS

მერიის ოფიციალური ვებგვერდი განახლებას ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროექტადაც აღწერს. მისი მიზანია, ლა რამბლა კვლავ იქცეს შეხვედრებისა და სეირნობის ადგილად და გააუმჯობესოს კავშირი რავალსა და გოთიკურ კვარტალს შორის. პროექტის სავარაუდო ღირებულება 55,6 მილიონი ევროა. ბარსელონის მერია

ვრცლად

წიგნი თუ ბურღი? ჰელსინკის ბიბლიოთეკა ორივეს აქირავებს

ჰელსინკის ბიბლიოთეკებში მუსიკალურ ინსტრუმენტებს, სპორტულ აღჭურვილობასა და ხელსაწყოებსაც გასცემენ. იდეა მარტივია: ნივთი, რომელიც იშვიათად გვჭირდება, ყოველთვის საყიდელი არ არის.

Oodi-ს ბიბლიოთეკის საერთო სახელოსნო — სტუმრები საკერავ მანქანებთან

სახლში თაროს დაკიდება გინდათ, მაგრამ ბურღი არ გაქვთ. ჩოგბურთის თამაში მოგინდათ, ჩოგანი კი ჯერ არ შეგიძენიათ. ასეთ დროს ბიბლიოთეკაში წასვლა შეიძლება უჩვეულო გადაწყვეტილებად ჟღერდეს, თუმცა ჰელსინკის ზოგიერთ ბიბლიოთეკაში სწორედ ამ ნივთებსაც გათხოვებენ.

ფინეთის დედაქალაქის ბიბლიოთეკების ქსელში წიგნების გვერდით თამაშებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ხელსაწყოებსა და სპორტულ აღჭურვილობასაც შეხვდებით. ეს მომსახურება ბიბლიოთეკის ნაცნობ პრინციპს ეყრდნობა: ნივთით დროებით სარგებლობთ, შემდეგ კი აბრუნებთ, რათა ის სხვამაც გამოიყენოს. ჰელსინკის მერია

რა შეიძლება წამოიღო ბიბლიოთეკიდან?

Helmet-ის ქსელის აღჭურვილობის ჩამონათვალში ბურღები, ჩოგბურთის ჩოგნები, ციგურები, თხილამურები, ყურსასმენები და მუსიკალური ინსტრუმენტებია. არჩევანი ფილიალების მიხედვით განსხვავდება — ყველა ნივთი ყველა ბიბლიოთეკაში არ ინახება, ამიტომ მისვლამდე ონლაინ კატალოგის შემოწმება ღირს.

ზოგი შეთავაზება განსაკუთრებით მოულოდნელია: ჰელსინკის ვალილას ბიბლიოთეკიდან სატვირთო ველოსიპედის გამოტანაც შეიძლება. ამისთვის მომხმარებელი 18 წელს გადაცილებული უნდა იყოს, ჰქონდეს Helmet-ის ქსელში სესხების უფლება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს. ველოსიპედის გატანისას წერილობითი შეთანხმებაც ფორმდება. Helmet — ნივთები და აღჭურვილობა

ვრცლად

შემდეგ შეხვედრამდე

მადლობა, რომ ჩვენი ჟურნალის წასაკითხად დრო გამონახეთ და ამ ნომრის ამბებს გაეცანით. მომავალ ნომერში ახალი ისტორიებითა და საინტერესო აღმოჩენებით დაგელოდებით. მანამდე სასიამოვნო თვესა და კარგ ამბებს გისურვებთ!

contact@vakesaburtalo.ge

ვებსაიტი სატესტო რეჟიმშია