ჟურნალში დაბრუნება

ვაკე-საბურთალო ველოსიპედით: სად და როგორ დავდივართ

რა სჭირდება ქალაქს, რომ ველოსიპედი გადაადგილების მოსახერხებელ და უსაფრთხო საშუალებად იქცეს?

კონტრიბუტორი: მარ მიხელიძე

მწვანე ველოსიპედი თბილისის ქუჩაზე
ველოსიპედი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე.

სადავოა, რამდენად შესაძლებელია თბილისში ველოსიპედით უსაფრთხოდ გადაადგილება. თუმცა, ჩემი გამოცდილებით, ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით, ამ მხრივ საუკეთესო პირობები ვაკე-საბურთალოზეა.

მათთვის, ვინც ველოსიპედით არ გადაადგილდება, ყოველთვის მარტივი შესამჩნევი არ არის, სად და როგორ დავდივართ. ამიტომ ჯერ აქაურ ველობილიკებს მიმოვიხილავ, შემდეგ კი უსაფრთხოებასა და კომფორტზეც ვისაუბრებ.

პეკინიდან საბურთალოს სხვა ქუჩებამდე

თბილისში პირველი ველობილიკი პეკინის გამზირსა და შარტავას ქუჩაზე მოეწყო — ორმხრივი, ტროტუარის დონეზე განთავსებული. მის გახსნას სოციალურ ქსელებში ხუმრობების ტალღა მოჰყვა: „წრეები ვარტყათ?“, „პეკინამდე მივფრინდეთ?“ და ა.შ. ეს კითხვები იმ პრობლემასაც უსვამდა ხაზს, რომელიც დღემდე აქტუალურია: ცალკეული მონაკვეთები გვაქვს, მაგრამ მათ შორის კავშირი ხშირად გვაკლია.

26 მაისის მოედნის რეაბილიტაციის შემდეგ ამ მონაკვეთს ორმხრივი გაგრძელება დაემატა. მისი ნაწილი კვლავ ტროტუარს მიუყვება, სიმონ ჩიქოვანის ქუჩიდან კი სავალ ნაწილზე გადადის და ავტობუსის ზოლის მარჯვნივ გრძელდება.

მოგვიანებით, ვაჟა-ფშაველას გამზირთან კვეთიდან ზურაბ ჟვანიას მოედნამდე, ავტობუსთან საზიარო ველოზოლიც მოეწყო — მონაკვეთი, რომელზეც წარწერა „BUS“ და ველოსიპედის პიქტოგრამაა დატანილი.

ველოგზა დაემატა ვაჟა-ფშაველას გამზირზეც, ახალგაზრდობის სააგენტოს წინ. ის „მოდულის“ შენობასთან ავტობუსის ზოლს უერთდება, „სითი მოლთან“ კვლავ ცალკე გამოიყოფა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს უკავშირდება. აქვეა პეტრე ქავთარაძის ქუჩის ველობილიკის მონაკვეთი, რომელიც თავხელიძის ქუჩასთან კვეთამდე გრძელდება. ის გზის დონეზეა მოწყობილი და მასზე ხშირად გვხვდება გაჩერებული ავტომობილები.

მეზობელ, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე ე.წ. სარეკომენდაციო (advisory) ველოზოლი გამოჩნდა. ის არც ავტომობილების მოძრაობისგანაა ფიზიკურად გამოყოფილი და არც ავტობუსის ზოლთანაა გაზიარებული. მონიშვნა წყვეტილია, მის მარჯვნივ კი საპარკინგე ადგილებია განლაგებული, რაც ამ მონაკვეთით სარგებლობას საკმაოდ სახიფათოს ხდის. მძღოლი თავისუფალ საპარკინგე ადგილს შენიშნავს და სიხარულისგან გაბრუებულს ზოგჯერ ავიწყდება, ყურადღებით გადაკვეთოს მისკენ მიმავალი ორი ზოლი — ავტობუსისა და ველოსიპედის.

ყაზბეგის გამზირიდან მოძრაობის გაგრძელება დიმიტრი გამრეკელის ქუჩის ველობილიკზე შეიძლება. ის ქუჩის ორივე მხარესაა მოწყობილი და ადამ მიცკევიჩის ქუჩასთან კვეთამდე მიდის. სამწუხაროდ, მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაციისას ველობილიკი არ დაუმატებიათ.

მიხეილ თამარაშვილისა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების კვეთაზე არსებულ ორ პატარა ველოზოლსაც მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს: ველოსიპედისტმა მოხვევამდე შესაბამის ზოლში გადასვლა უნდა შეძლოს. თუმცა იქ გაჩერებული ავტომობილების გამო ეს ხშირად შეუძლებელია.

საბურთალოდან ვაკისკენ

რადგან თამარაშვილის გამზირამდე მოვედით, ვაკეში ასასვლელი გზაც განვიხილოთ. უნივერსიტეტის ქუჩასთან კვეთის რეაბილიტაციის შემდეგ ბულვარში უსაფრთხოდ მოხვედრა შესაძლებელი გახდა. ამიტომ ჩემთვის ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტი თამარაშვილის გამზირის დასაწყისში მდებარე ნაძვნარის გავლით ასვლაა.

ვაკის პარკამდე გზა ორმხრივი ველობილიკით გრძელდება. შემდეგ, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ქუჩის ორივე მხარეს ცალმხრივი ველობილიკებია მოწყობილი, რომლებიც ვარაზისხევამდე მიდის. სხვა უბანში რომ არ გადავიჭრა, მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისთან შევჩერდები, სადაც ველოსიპედისტები ავტობუსის ზოლით სარგებლობენ.

ახლა ვაკის პარკის წინ მდებარე მოედანს დავუბრუნდეთ, სადაც ავტობუსის გაჩერებებია. აქ ორმხრივი ველობილიკიც გვხვდება, რომელიც კუს ტბის ასახვევამდე მიდის. ველოსიპედისთვის გამოყოფილი გზები თავად ვაკის პარკშიც არის.

ცალკე უნდა ვახსენო მაღლივის ხიდზე მოწყობილი ველობილიკიც, რომელიც ვაკესა და საბურთალოს აკავშირებს. სხვა ველოგზებისგან იმდენად მოწყვეტილია, რომ ჩამონათვალში ლამის გამომრჩა: არც ერთ მხარეს არ გრძელდება, თუმცა თავად ხიდზე გადაადგილებისთვის მოსახერხებელია.

რა ქმნის უსაფრთხოებისა და კომფორტის განცდას?

ველოსიპედისთვის ცალკე ინფრასტრუქტურის გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ვაკე-საბურთალოზე გადაადგილებას მხოლოდ ველობილიკები არ ამარტივებს. შუქნიშნებით რეგულირებული მოძრაობა და შედარებით დაბალი სიჩქარეც დიდ როლს თამაშობს: ნელა მოძრავი ავტომობილის მძღოლს რეაგირებისთვის მეტი დრო აქვს, რაც უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია.

კომფორტულია ვაჟა-ფშაველას კვარტლებში გადაადგილებაც — აქ შესაძლებელია მთავარი ქუჩების ხმაურსა და ავტომობილების გამონაბოლქვს გარკვეულწილად გაერიდო.

დამწყებებს ვურჩევდი, თავდაპირველად მშვიდ, ნაკლებად დატვირთულ გარემოში ივარჯიშონ, შემდეგ კი ნაცნობ ველობილიკებზე მოკლე მარშრუტებით დაიწყონ გადაადგილება. ასე ველოსიპედის მართვასაც შეეჩვევიან და ქალაქში მოძრაობისთვის საჭირო თავდაჯერებასაც თანდათან შეიძენენ.

ცალკე დიდი თემაა შუქნიშნები: რომელი სიგნალით უნდა იხელმძღვანელოს ველოსიპედისტმა იქ, სადაც მისთვის განკუთვნილი შუქნიშანი არ დგას? ჩემ მიერ აღწერილ მარშრუტებზე ასეთი შუქნიშნები ყაზბეგისა და ქავთარაძის კვეთასა და ჭავჭავაძის გამზირზე გვხვდება. სხვა ადგილებში კი ხშირად გაურკვეველია, როგორ უნდა გაგრძელდეს მოძრაობა — განსაკუთრებით მაშინ, როცა ველომარშრუტი ხან ტროტუარის დონეზეა, ხან სავალ ნაწილზე გადადის, ხანაც ავტობუსის ზოლს უერთდება.

მარშრუტის ცოდნა და გამოცდილება ორიენტირებაში გვეხმარება, თუმცა უსაფრთხო გადაადგილება მხოლოდ ველოსიპედისტის დაკვირვებულობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ინფრასტრუქტურა თავად უნდა გვკარნახობდეს, სად გავჩერდეთ და როდის გავაგრძელოთ გზა.

ჩემი გამოცდილებით, უსაფრთხოებისა და კომფორტის მიხედვით, ამ სამ ძირითად მონაკვეთს ასე დავალაგებდი — საუკეთესოდან ყველაზე ნაკლებად კომფორტულამდე:

1. პეკინის გამზირი და შარტავას ქუჩა;

2. ილია ჭავჭავაძის გამზირი;

3. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი.

ვაკე-საბურთალოზე უკვე არის მონაკვეთები, სადაც ველოსიპედით სიარული სასიამოვნო და მოსახერხებელია. ახლა საჭიროა მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ველობილიკების გაჩერებული ავტომობილებისგან გათავისუფლება და გასაგები გადასასვლელების მოწყობა — რომ ყოველი ახალი მონაკვეთის დაწყებისას თავიდან არ გვიწევდეს გარკვევა, სად და როგორ გავაგრძელოთ გზა.