ჟურნალში დაბრუნება

ვინ ჭიკჭიკებს ჩვენს მეზობლად? თბილისის ფრინველების გზამკვლევი

პარკში სეირნობისას ცოტა ხნით თუ შეჩერდები და ტოტებს დააკვირდები, ნაცნობი გარემო შეიძლება სულ სხვაგვარად დაინახო.

მასალის მომზადებაში დაგვეხმარა SABUKO

თბილისის პარკების ოთხი ფრინველის ილუსტრირებული გზამკვლევი
ფრინველები ერთმანეთთან შედარებით რეალური ზომით არ არის გამოსახული.

ფრინველებზე დაკვირვების დასაწყებად ქალაქიდან გასვლა აუცილებელი არ არის. ქალაქის გამწვანებული სივრცეები ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი თავშესაფარია.

ამ თემაზე სტატიის მოსამზადებლად საბუკოს კონსერვაციის ოფიცერსა და ორნითოლოგს, ნიკა ბუდაღაშვილს ვესაუბრე.

დასაწყისისთვის ოთხი გამორჩეული სახეობა შევარჩიეთ. ზოგს ფერით ამოიცნობთ, ზოგს — სილუეტით, ზოგსაც უჩვეულო ქცევით.

1. მწვანე კოდალა — ვაკის პარკის ფერადი სტუმარი

მწვანე ზურგი და წითელი თხემი ამ ფრინველის ყველაზე თვალშისაცემი ნიშნებია. ბუდაღაშვილს მწვანე კოდალა ვაკის პარკში არაერთხელ უნახავს: მისი თქმით, მიმდებარე ტყიდან ფრინველები პარკშიც ჩამოდიან და ადამიანებს დიდად არ ერიდებიან.

2. მოლურჯო წივწივა (Cyanistes caeruleus) — პატარა ჩიტი ლურჯი ქუდით

ლურჯი თხემი, თეთრი ლოყები და ყვითელი მუცელი მოლურჯო წივწივას ამოცნობაში დაგეხმარებათ. მისი ძებნა ქალაქის ბაღებსა და სკვერებშიც შეგიძლიათ.

3. თოხიტარა (Aegithalos caudatus) — ჯერ კუდს შეამჩნევთ

პატარა, მომრგვალო სხეული და ძალიან გრძელი კუდი თოხიტარას გამორჩეულ სილუეტს ქმნის. ტოტების თვალიერებისას სწორედ ამ პროპორციას მიაქციეთ ყურადღება. გამრავლების სეზონის შემდეგ თოხიტარები პატარა გუნდებად იკრიბებიან, ამიტომ ერთი ჩიტის დანახვისას ახლომახლო სხვებიც მოძებნეთ. 

4. კულუმბური (Coccothraustes coccothraustes) — შთამბეჭდავი ნისკარტით

კულუმბურის ყველაზე შესამჩნევი ნიშანი დიდი, მსხვილი ნისკარტია. ყელთან შავი ლაქაც აქვს. მისი ამოცნობისას მხოლოდ შეფერილობას ნუ დაეყრდნობით — ყურადღება თავისა და ნისკარტის მოყვანილობასაც მიაქციეთ.

სად გავიხედოთ და ვის შეიძლება კიდევ შევხვდეთ?

თბილისის მწვანე სივრცეებში სკვინჩას, გულწითელას, შაშვს, ჩხიკვსა და კოდალების რამდენიმე სახეობასაც შეხვდებით. თუმცა დაკვირვებისას მხოლოდ ხეების ვარჯებს ნუ უყურებთ — საინტერესო ფრინველები წყალთან და კლდოვან ადგილებშიც გვხვდება.

ფრინველთა მრავალფეროვნებას მხოლოდ პარკის ზომა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რა არის მის გარშემო: ტყე, ბუჩქნარი და წყალი სხვადასხვა სახეობას იზიდავს. ბუდაღაშვილს ამის მაგალითად ფონიჭალის პარკი მოჰყავს, სადაც ჭალის ტყე და წყლის სიახლოვე დაკვირვების შესაძლებლობებს ზრდის. მიგრაციის პერიოდში ქალაქის გამწვანებულ სივრცეებს დროებითი სტუმრებიც ემატებიან.

როგორ დავიწყოთ დაკვირვება?

პირველი გასვლისთვის ნაცნობი პარკიც საკმარისია. დილით მისვლა სჯობს, სანამ იქ ბევრი ადამიანი მოიყრის თავს. სწრაფად გავლას რამდენიმე ადგილას შეჩერება და გარემოს ყურადღებით დათვალიერება ამჯობინეთ.

ჯერ მოუსმინეთ: ფრინველის ხმა ხშირად მის დანახვამდე მიგანიშნებთ, საით გაიხედოთ. შემდეგ დააკვირდით ზომას, ფერს, ნისკარტს, კუდის სიგრძესა და მოძრაობას. თუ სახეობას მაშინვე ვერ ამოიცნობთ, ეს ნიშნები ჩაინიშნეთ — მათი დახმარებით მოგვიანებით მოძებნით.

დააკვირდით მოშორებით, ისე, რომ ფრინველს თქვენ გამო ადგილის დატოვება არ მოუწიოს. პირველივე გასვლაზე ბევრი სახეობის ამოცნობას ნუ ეცდებით: ერთი ჩიტის ქცევაზე რამდენიმე წუთით დაკვირვებაც საკმარისია, რომ ნაცნობ პარკში დაბრუნების ახალი მიზეზი გაგიჩნდეთ.